ლიეტუვის საჩუქარი ქართველ მაყურებელს – რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „გზა სამოთხისკენ“ დაიდგა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ნაისაის თეატრმა ლიეტუვიდან, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართველი მაყურებლისათვის სპექტაკლი – „გზა სამოთხისკენ“ წარმოადგინა.
საზეიმო ღონისძიება ტარდება 2018 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის და ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მეასე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს მიერ ლიეტუვაში გამართული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „2018 წელი გამორჩეულია ორი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ვინაიდან საქართველო და ლიეტუვა სწორედ მიმდინარე წელს აღნიშნავენ დამოუკიდებლობის ასი წლისთავს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა გააჩნია ჩვენი ქვეყნების სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ამასთან, ლიეტუვა წარმოადგენს საქართველოს ყველაზე აქტიურ მხარდამჭერ ქვეყანას, რომელიც ყოველმხრივ გვერდში უდგას საქართველოს და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.
გარდა ამისა, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოსა და ლიეტუვას ასევე აკავშირებს ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულად არსებული გამორჩეული ურთიერთსიმპათია, რომელიც წარმოადგენს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მყარ საფუძველს, ამდენად, ძალზე სიმბოლურია, რომ ჩვენი გამორჩეული მეგობარი ლიეტუვის რესპუბლიკა სწორედ ამ შთამბეჭდავი სპექტაკლით გვილოცავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავს“.
თეატრმა ასევე უფასო სპექტაკლები გამართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – სპექტაკლს უმასპინძლა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, თელავის ვაჟა – ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა.
საქართველოს თეატრებში სპექტაკლების ჩვენება ლიეტუვის მმართველი „,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ ლიდერის, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, რამუნას კარბაუსკისის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან – საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი.