ეკა ბესელია: ფონდი “ქართუ” არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია და არც სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზეა საუბარი

კანონთან შესაბამისობის თვალსაზრისით აქ არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის დავალიანებების განულების გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, “საარჩევნო კოდექსში“ საუბარია სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვაზე. ამ გადაწყვეტილების აღსრულებას საკუთარ თავზე ფონდი “ქართუ” იღებს.
“როგორც “ქართუს ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ ითქვა, მობილიზებულია 100 მილიონზე მეტი თანხა. კანონთან შესაბამისობის თვალსაზრისით აქ არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ არის. სამართლებრივი პრობლემა უნდა დავინახოთ, როცა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი პირდაპირ საუბრობს ისეთ დაპირებებზე, როგორიცაა ვაუჩერების გაცემა და საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის დაპირება, რაც არის აფიორა და კანონის პირდაპირი დარღვევა. ფონდი “ქართუ“ არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია და არც სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზეა საუბარი“, – განაცხადა ბესელიამ .
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივის თანახმად, “შავ სიაში” მყოფ 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული დავალიანება გაუნულდება.
დავალიანებას ფონდი “ქართუ” დაფარავს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თვლის, რომ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ფონდ „ქართუს” მიერ განხორციელდება, “სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ”
“კვირა” აღნიშნულ საკითხზე მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც შემდეგი კომენტარი გააკეთეს.
“ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს, პროკურატურა შეისწავლის და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებას”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები