შსს: ლაშა ნაცვლიშვილზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით მოკვლევა გუშინვე დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო „რუსთავი 2“-ის ეთერში, ლაშა ნაცვლიშვილის შესახებ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა.
შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საუბარია “რუსთავი 2”-ის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტში წარმოდგენილ ჩანაწერზე. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი 2017 წლის ივლისში ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზეა გაკეთებული. პატრულის საუბრიდან ირკვევა, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა. წყაროს ინფორმაციით, როდესაც პოლიციელმა ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, მას მისცეს ბრძანება, რომ დაუყონებლივ გაეთავისუფლებინა ლაშა ნაცვლიშვილი.
ლაშა ნაცვლიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას თხოვნით მიმართა, რომ ჩატარდეს მოკვლევა და გაირკვეს განხორციელდა თუ არა მისი თხოვნით საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე ზეგავლენა სხვა თანამდებობის პირების მხრიდან.