რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა სამეგრელოში – მაია ცქიტიშვილი დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის განმავლობაში, უწყებამ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
მინისტრის თქმით, რეგიონში ყველა დასრულებული თუ მიმდინარე პროექტები მოსახლეობის უკეთესი ცხოვრებისა და განვითარებისკენ არის მიმართული.
“სამეგრელოში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და გამოყოფა გამიჭირდება. ახლა დადიანების სასახლის ტერიტორიაზე ვართ, სადაც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დადიანების სასახლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე გამოვყოფდი მუნიციპალური ფონდის მიერ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს, ასევე შეგახსენებთ, რომ ამჟამად კულტურის სამინტროს დაფინანსებით ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს არის მაგალითები, თუ რა კეთდება რეგიონში. მათ შორის მინდა ხაზი გავუსვა ზუგდიდში წყალგაყვანილობა-კანალიზაციის პროექტს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. რთულია გამოყოფა ამ საამაყო პროექტების, იმიტომ რომ ყველა გამორჩეულია თავიანთ ნაწილში. ყველა მათგანი მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონში უფრო საინტერესო გახდეს ცხოვრება და მეორეს მხრივ, რეგიონის განვითარებასაც შევუწყობთ ხელს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.