სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში უსაფრთხო გარემო ნარჩუნდება

2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას. ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამსახური ახორციელებდა საფრთხეების იდენტიფიცირებასა და გამოვლენას, აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით, განაგრძობდა კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესებას.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გატარებული ზომების შედეგად, ქვეყანაში არ დაფიქსირებულა ტერორისტული ფორმირებები თუ სტრუქტურირებული ჯგუფები. ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით სამუშაოები მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სამსახურის შესაბამისი დანაყოფების მიერ 2024 წელს აღკვეთილ იქნა ასაფეთქებელი ნივთიერებების (C-4) საქართველოში შემოტანის და მესამე ქვეყანაში ტრანზიტის მცდელობა. ასევე, იგეგმებოდა ერთ-ერთი კონტეინერის ქ.თბილისში განთავსება. სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფის მიერ აღნიშნულ საქმეზე იდენტიფიცირებულია საქმესთან კავშირში მყოფი ყველა პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა კვლავ პოზიტიურად შეფასდა და აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად რჩებოდა.

,,აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა პოზიტიურად შეფასდა და აღინიშნა, რომ უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად რჩება“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის შესახებ აღნიშნულია „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“. ანგარიშის თანახმად, საქართველო ტერორიზმის გავლენისგან თავისუფალ ქვეყნებს მიეკუთვნება.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე. ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ.

ანრი ოხანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აქტიურად განაგრძობს კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას, რის შედეგადაც 2025 წლის 1 მაისს დაკავებულ იქნა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც სირიაში შეისწავლა ფეთქებადი ნივთიერებების მომზადებისა და გამოყენების მეთოდები და გაიარა ტერორისტული აქტების განხორციელების ასპექტები. ამასთანავე, იგი ტერორისტული დანაშაულისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ იძებნებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები