სიღნაღში კახეთის კოლექციის რჩეული ნიმუშების გამოფენა გაიხსნება
26 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში გამოფენა – კახეთის კოლექციის რჩეული ნიმუშები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან – გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს კახეთის ეკლესიების არქიტექტურულ ფრაგმენტებს – ქვის, თიხისა და ხის ნაკეთობებს, ასევე, კედლის მხატვრობის, ხატწერის, მინიატურული მხატვრობისა და ნაქარგობის უნიკალურ ნიმუშებს.
გამოფენაზე წარმოდგენილია VI-XIX საუკუნეების ქართული და, კერძოდ, კახეთის რეგიონის ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნაწარმოებების ფორმისა და შინაარსის ევოლუცია. სწორედ რასაც განაპირობებდა ამ კუთხის მრავალმხრივი კულტურული კავშირები ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, ბიზანტიასთან, ათონთან, სპარსეთთან, რუსეთთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან.
კახეთთან დაკავშირებულ ექსპონატებს შორისაა XIX საუკუნის სიღნაღის სახლების ანაზომები და ნახაზები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც მხატვრული, ისე ინფორმაციული თვალსაზრისით. ნახაზები XX საუკუნის შუა წლებშია შესრულებული და მათზე ასახული ზოგი ნაგებობა დღეს აღარ არსებობს, ნაწილი კი უკანასკნელ წლებში ძირეულად გადაკეთდა.
2019 წლის 29 მარტის ჩათვლით გასტანს.
მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შ. რუსთაველის ჩიხი 8.