პოლონეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია ქუთაისსა და ზუგდიდში სამუშაო მისიით იმყოფებოდა
ქუთაისსა და ზუგდიდში სამუშაო მისიით იმყოფებოდა პოლონეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ კრაკოვის ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები – დომინიკა ტრეიტი, მიროსლავ კრუკი, ლუკაშ გაველი, პაველ მიერნისჟაკი -პოლონეთის ტურიზმის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენელი და მარიუშ იასიმჩაკი – ექსპერტი, პოლონეთის ხის ეკლესიების კულტურული მარშრუტის აპლიკაციის ავტორი და წარმდგენელი. მისიას უმასპინძლა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და მისმა გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და ქუთაისის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2020 წელს იგეგმება გაცვლითი გამოფენის მოწყობა. ასევე, ევროპის კულტურულ მარშრუტებში საქართველოს წარმომადგენლობის გაფართოება.
ევროპის კულტურულ მარშრუტებში საქართველოს წარმომადგენლობის გაფართოების მიზნით კი დელეგაციამ დასავლეთ საქართველოს ძეგლები დაათვალიერა. 15 ნოემბერს გელათის მონასტერი, გეგუთის სასახლე და მოწამეთას ტაძარი მოინახულეს.16 ნოემბერს კი ქართულ-პოლონური დელეგცია გაემგზავრა ზუგდიდში და დაათვალიერა ზუგდიდის დადიანების პარკი და სასახლე, ენგურჰესის კაშხალი და ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი.
ქართულ-პოლონური დელეგაცია შეხვდა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორს, არქეოლოგ ომარ ლანჩავას. მოლაპარაკების თემა 2020 წელს, ქუთაისში გაცვლითი გამოფენის მოწყობაა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთის კულტურის ინსტიტუტს და, მისი მეშვეობით, კულტურული მემკვიდრეობის სექტორში მოქმედ მნიშვნელოვან პოლონურ ორგანიზაციებს შორის ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება ერთობლივი პროექტები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესა და ქალაქ კრაკოვის ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს, პროფესორი ანჟეი ბერტლეის შორის ოქტომბერში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოეწერა ხელი, რომელიც კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების გამოფენას ითვალისწინებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კრაკოვის მუზეუმს შორის დაფუძნებული თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა თანამშრომლობის ფორმატში, პოლონეთში გამოფენის მოწყობა 2020-21 წლებშია დაგეგმილი.