ვანო წულეისკირი: მშენებლობები მიმდინარეობს სანიტარული ნორმების დარღვევით, რაც იწვევს ქალაქის დამტვერიანებას და სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის

ჰაერის დაბინძურება ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური თემაა. არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მუშაობს პროექტებზე, რომლებიც მიეწოდება პარლამენტის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს და შემუშავდება პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგია.
ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე მძიმე და უარყოფით გავლენას ახდენს. ექიმი-პულმუნოლოგი ვანო წულეისკირი აცხადებს, რომ ფილტვების დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზები სამშენებლო მტვერი და ავტომობილების გამონაბოლქვია. მისი განმარტებით, თბილისში არაერთი მშენებლობა სანიტარული ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, რის შედეგადაც ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებები გამოიფრქვევა.
„ჰაერის დაბინძურება გულისხმობს მტვრისა და ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობას, რომლებიც იწვევენ ფილტვების დაზიანებას. უპირველესი მიზეზი სამშენებლო მტვერია. თბილისში მშენებლობები მიმდინარეობს სანიტარული ნორმების დარღვევით, რაც იწვევს ქალაქის დამტვერიანებას და სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მტვრის ნაწილაკები ილექება ფილტვებში და სწორედ ეს არის დაავადებების გამომწვევი“, – აცხადებს ვანო წულეისკირი.
პულმუნოლოგის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალაქში მოძველებული და გაუმართავი ავტომობილების რაოდენობაც.
„მანქანების წარმოუდგენელი რაოდენობაა ქალაქში, გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვი კი ტოქსიკურია. ეს იწვევს ფილტვების განსხვავებულ დაზიანებას, იწყება და ვითარდება ალერგიული პროცესები“, – განმარტავს ვანო წულეისკირი.
მისივე მტკიცებით, სახიფათოა ნივთიერება აზბესტი, რომელიც იწვევს ფილტვების მძიმე დაავადებას, აზბესტოზს. პულმუნოლოგი განმარტავს, რომ ეს დაავადება, უმეტესად, გავრცელებულია მაღაროს თანამშრომლებში, რომლებსაც უწევთ ქვანახშირისა და ქვიშის ნაწილაკების შესუნთქვა. ვანო წულეისკირის თქმით, დაავადება განუკურნებელია და ამ ნაწილაკების ფილტვებიდან გამოდევნა ვერ ხერხდება. მისი თქმით, საგანგაშოა ჰაერში ტყვიის შემცველობაც, რადგან ტყვია და მძიმე მეტალები ადამიანის ორგანიზმს განსაკუთრებით ვნებენ.
„ტყვია ყოველთვის არის ჰაერში, თუმცა, გააჩნია კონცენტრაციას. ესეც არის სამშენებლო ნარჩენებიდან, შიდა წვის ძრავის გამონაბოლქვიდან გაფრქვეული ქიმიური ნივთიერებების შედეგი. ზოგადად, ტყვია და მძიმე მეტალები მავნეა ადამიანისთვის. თუ კონცენტრაცია მაღალია, ძალიან სახიფათოა, რადგან იწვევს როგორც ფილტვების, ისე ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებასაც“, – აცხადებს ვანო წულეისკირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები