გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი აშენდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი წლის ბოლომდე ტენდერს გამოაცხადებს და 2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 5000 კვ.მ ფართობზე კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი გვექნება, – ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალური განვითარების აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შენეგელიასა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ის ადგილი დაათვალიერა, სადაც კახეთში პირველი კომპანიონ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.
„პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენ დიდი ხანია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან კახეთში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით. მივედით იმ ეტაპზე, როცა მუნიციპალური განვითარების ფონდი წლის ბოლომდე ტენდერს გამოაცხადებს და 2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ამ ადგილას, 5000 კვ.მ ფართობზე კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი გვექნება. ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა კახეთიდან დაიწყება და სხვა რეგიონებში გაგრძელდება“,- აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მედიასთან საუბარში.
ცნობისთვის, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი – მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები