თამარ ხულორდავა და ირაკლი კოვზანაძე ირლანდიაში ორმხრივ შეხვედრებს მართავენ

0

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ირლანდიაში ვიზიტით იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრები ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შონ ო’ფარელთან, სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანთან, საგარეო საქმეთა, ვაჭრობის და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარე სენატორ ბრენდან სმიტთან, ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ნოელ გრილიშთან და ევროპულ საქმეთა ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს სენატორ ტერი ლეიდენთან გამართეს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას საუბარი საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის წამყვან საკითხებს – თბილისში ირლანდიის საელჩოს გახსნას, სავიზო რეჟიმის გამარტივებას, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების ჩათვლით, და ასევე, ეკონომიკის, კულტურის და განათლების მიმართულებებით საქართველო-ირლანდიის თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს შეეხო.
როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქართველმა დეპუტატებმა ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს და სენატორებს 2018 წლის 7 ნოემბერს, ირლანდიის სენატის მიერ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ” რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია მეგობარი ქვეყნების მხრიდან მსგავსი თანადგომისა და მხარდაჭერის დაფიქსირება.
თამარ ხულორდავამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა აგრძელებს რეფორმების განხორციელებას, რათა მიაღწიოს ევროკავშირთან მაქსიმალური ინტეგრაციას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ირლანდიურ მხარეს ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებსა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე მიაწოდა. ირლანდიელმა დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის პროვოკაციული ქმედებებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით.
ირაკლი კოვზანაძემ თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური რეფორმების შედეგები მიმოიხილა. მან ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გატარებული ღონისძიებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების თაობაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. საუბარი ასევე, საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსა და ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს შეეხო.
ირლანდიურმა მხარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და ამ მიმართულებით დეპუტატებმა ქვეყანას შემდგომი წარმატებები უსურვეს. პარლამენტარებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, რასაც ბოლო პერიოდში საქართველოსა და ირლანდიაში პარლამენტის დელეგაციების მიერ განხორციელებული ვიზიტები მოწმობს.
შეხვედრებზე ირლანდიის მხრიდან, კიდევ ერთხელ, დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, ასევე, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ინტენსიფიკაციისათვის მზაობა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის პრიორიტეტების განხორციელების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი