ნათია თურნავა: გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეები დასაქმდებიან

იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გაზის ცენტრალური მაგისტრალი აღნიშნული სოფელთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ამდენად, მისი ჩართვა გაზის ქსელსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა შედარებით მოკლე პერიოდშია შესაძლებელი.
ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მუშახელი იქნება, რაც დამატებითი სარგებელი იქნება ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის.
როგორც მინისტრის მოადგილემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, 2019-2021წწ. სამწლიანი გეგმის მიხედვით იმერეთის რეგიონში 18 სოფელში დაიწყება გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 2979 კომლს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.
ამჟამად გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხორში. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 145 კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 8067 გრძივი მეტრი გაზსადენი.
გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: ქვედა და ზედა მესხეთი, ბროწეულას დასახლებასა და მუხიანში. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 1291 კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 64,575 გრძივი მეტრი გაზსადენი.
ნათია თურნავასთან ერთად იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების დასრულებული სამუშაოები და ასევე ინფრასტრუქტურის მიმდინარე მშენებლობები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” გენერალურმა დირექტორმა აზერ მამადოვმა და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები