გორში, ხანდისის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
გორის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ ხანდისში, IX-X საუკუნის ხანდისის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 22 ოქტომბრის ბრძანებით მიიღო.
ნასოფლარი ხანდისი გორის მუნიციპალიტეტში, გორიდან დაახლოებით 20 კმ-ის მანძილზე, მდ. ტანას მარჯვენა შენაკადის ოჭიორას ხეობაში, თრიალეთის ქედის ფერდზე მდებარეობს.
ნასოფლარიდან აღმა, 1 კილომეტრის დაშორებით, ხშირ შერეულ ტყეში დარბაზული ეკლესიის ნანგრევია შემორჩენილი. ეს ეკლესია 1961 წელს აღმოაჩინეს ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა – თორნიკე ტატიშვილმა და დევი ბერძენიშვილმა, რომლებმაც ეკლესიაში იპოვნეს ადრეული შუა საუკუნეების, მაღალმხატვრული რელიეფებით შემკული სტელის ფრაგმენტი და ამის შესახებ აცნობეს ხელოვნებათმცოდნეს და არქიტექტორს ნიკო ჩუბინაშვილს.
აღნიშნულმა პირებმა 1963 წელს სტელა ჩამოიტანეს თბილისში და დააბინავეს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. ეს სტელა (VI ს-ის მეორე ნახ.) 1991 წლის თბილისის ომის დროს ძლიერ დაზიანდა ხანძრისგან. ეკლესიაში ასევე შემორჩენილი იყო, თეძმის ტუფის, მდიდრული ორნამენტული დეკორით დაფარული XI ს-ის კანკელის ფრაგმენტები, რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ქვის ფონდშია დაცული. ხანდისის ეკლესია ადგილობრივი კლდის წაგრძელებული ფორმის ნამტვრევი ქვებითა და შირიმის ქვათლილებითაა ნაგები. მისი, ერთადერთი, არქიტრავით გადახურული კარი სამხრეთი ფასადის დასავლეთ კიდეშია გაჭრილი, სარკმელი ორია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმლის ქვემოთ კედელთან მიდგმული ტრაპეზის ქვაა შემორჩენილი, სარკმლის ორსავ მხარეს მცირე სწორკუთხა ნიშებია. სატრიუმფო თაღის პილასტრების იმპოსტები სადა ჰორიზონტალური ლილვებითაა გაფორმებული.
სამხრეთი პილასტრის იმპოსტი ადგილზე შემორჩენილი, ჩრდილოეთისა კი საკურთხეველში დევს. ეკლესია გადახურული იყო ბრტყელი ქვის ფილებით – ლორფინებით. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია სარკმლის ძლიერ გადაცვეთილი თავსართი, რომელსაც მცირე ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს.
ეკლესიის კონქი ერთი ზომის, ვერტიკალურად ჩალაგებული კლდის ნამტვრევი ქვითაა გამოყვანილი. შენობას თაროსებრი კარნიზი ჰქონდა. ეკლესიას სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე მინაშენი ჰქონდა მიდგმული, რომელიც დღეს თითქმის მთლიანად დანგრეულია, და კედლის ნაშალით არის დაფარული; ეკლესიის გარშემო ნაგებობათა კვალი შეიმჩნევა. ხანდისის ეკლესია მშენებლობის ხასიათით ტანას ხეობის ზემო წელზე არსებულ ძეგლებს – კლიკის ჯვარს (VII-VIII სს.) და ფეტვის ხევის მარიამწმინდის ეკლესიას (IX-X სს.) მოგვაგონებს და IX – X ს-ის დასაწყისით უნდა დათარიღდეს. ამ მცირე და არცთუ მაღალი სამშენებლო ხელოვნებით ნაგებ ეკლესიაში მაღალმხატვრული ადრეული შუა საუკუნეების სტელისა და XI ს-ის, მოწინავე მოქანდაკეების მიერ ნაკვეთი კანკელის არსებობა ამ ეკლესიის მნიშველობაზე მიგვითითებს;
ეს ეკლესია შიდა ქართლის თრიალეთთან მაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზის პირას მდებარეობდა. ეკლესია გარდამავალი ხანის ბოლო ეტაპის ძეგლია, მას სადა დეკორი და ეპოქისთვის მახასიათებელი არქიტექტურული ფორმები აქვს.