ბაჩო ახალაია სასამართლომ სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბრალდებულ ბაჩო ახალაიას მიმართ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
სასამართლომ საქმეზე ბრალდებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მისჯილი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.
სასამართლომ, ასევე, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ახალაიას მოადგილის, ამავე საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართაც და მას 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მის ყოფილ მოადგილეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის აპრილში გამოუტანა. ბაჩო ახალაიას რამდენიმე მუხლი ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, დავით ლონდარიძის და გია გორელაშვილის წამების, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურეობრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, ხოლო საქმეზე მსაჯავრდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილს ბრალდების მხარე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა.
ცნობისთვის, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, გია გორელაშვილი, სერგეი ჩაპლიგინი და დავით ლონდარიძე ჯაშუშობის ბრალდებით, 2011 წელს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ისინი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. საპატიმროში გადაყვანიდან ოთხ დღეში პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გარდაიცვალა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მისი წამების მოტივი მისგან სასურველი ჩვენების მიცემა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები