თიანეთი და ახმეტა ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თიანეთი-ახმეტას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა, სადაც გადაადგილება გართულებული იყო, განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.
„თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იან მონაკვეთზე, დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. ასევე, აშენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 2 არსებული ხიდი. განხორციელდება წყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზა, თიანეთში იწყება და ახმეტაში სრულდება“,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 18 965 000 ლარია.
დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს და 20 ადამიანია დასაქმებული. პროექტი 2019 წლის თებერვალში დასრულდება.