საკონსტიტუციო სასამართლო დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა იწყება. სადავოა ნორმები, რომლებიც გაუთქმელობის ვალდებულებას ეხება. როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა განმარტა, გაუთქმელობის ვალდებულებით მათ დაცვის უფლება შეეზღუდათ, რის გამოც ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩნდნენ.

ფანცულაიას განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სტრასბურგის სასამართლოსთვის, ასევე საქმის შიდა გადასინჯვისთვის. მისივე თქმით, ისინი სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებენ.

“თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს, ასეთ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი იქნება,როგორც სტრასბურგის სასამართლოსთვის ასევე შიდა გადასინჯვისთვის, ასევე კიდევ ერთხელ მოხდება იმის დემონსტრირება დაცვის უფლების შეზღუდვის ფარგლებში რამდენად ცალმხრივად წარიმართა მთელი ციანიდის საქმის განხილვა სასამართლოს სამი ინსტანციის განმავლობაში, “- განაცხადა ფანცულაიამ.

გიორგი მარგველაშვილმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების განხილვას გეგმავს. მისი თქმით, ამ საქმეში შეჯიბრებითობის პრინციპი ფაქტობრივად არ არსებობდა.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები