ბრალდებულს, რომელმაც “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღა და მოლარე-ოპერატორებს დაემუქრა, 5 წელი და 6 თვე მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ზ.ლ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 29 მაისს, ზ.ლ. თავს დაესხა თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში მდებარე სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში, მოლარე-ოპერატორებს და პისტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით – სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა – 1995 ლარის ოდენობით.
სამართალდამცველებმა ზ.ლ. დანაშაულის ჩადენისთანავე, ბანკის შენობიდან გასვლისას დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარუდგინა. ზ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები