გიორგი გახარია: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილი იქნება იმ ზომითა და ხარისხით, რომლიც ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება

“დარწმუნებული ვარ, საქმის ჭეშმარიტება დადგენილი იქნება სწორედ იმ ზომითა და ხარისხით, რომლიც დამაკმაყოფილებელი იქნება საქმეში მონაწილე ყველა მხარისთვის”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან, მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად საქმის ძირითად ნაწილი სააპელაციო სასამართლოში იხილება და სასამართლო გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
„აპელაციაში სასამართლო პროცესები გრძელდება, გამოყოფილი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება. მას შემდგომ, რაც ძირითადი საქმე წავიდა სასამართლოში, რამდენიმე ღონისძიება უკვე ჩავატარეთ. დარწმუნებული ვარ, ამ ორი მიმართულებით, აპელაციისა და გამოძიების მიმართულებით გამოყოფილი საქმის ჭეშმარიტება დადგენილი იქნება სწორედ იმ ზომითა და ხარისხით, რომლიც დამაკმაყოფილებელი იქნება საქმეში მონაწილე ყველა მხარისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისათვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაცვისა და ბრალდების მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში. მოზარდების მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანი იქნა დამნაშავედ ცნობილი. გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. -ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოიყო სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე, კერძოდ, შსს-მ გამოძიება დაიწყო იმ დამატებითი გარემოებების დადგენის მიზნით, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა. ამ გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დააკავეს მირზა სუბელიანი, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით – მერაბ მორჩაძე, რომელსაც გუშინ სასამართლომ 2 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. გარდა ამისა, ცრუ ჩვენების მიცემის გამო, კიდევ ერთი არასრულწლოვანი – დ.ღ. არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები