V საარტილერიო ბრიგადა 25 წლის გახდა (ფოტოკოლაჟი)

V საარტილერიო ბრიგადა 25 წლის გახდა. არტილერისტებს ბრიგადის დაბადების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
ლევან იზორიამ არტილერისტების მიერ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლი აღნიშნა და ყურადღება განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა. მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებში არტილერიის რეფორმა ნიშნავს ნატოში ინტეგრაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის სრულად მზადყოფნას.
ღონისძიების ფარგლებში, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბიჭიკაშვილმა საბრძოლო დროშა პოლკოვნიკ არსენ ცუხიშვილს გადასცა და V საარტილერიო ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილება გადააბარა.
“ცერემონიალი არტილერისტების დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა, ხოლო პირველი კლასის რიგით ზაურ ხუბაშვილს თურქეთის რესპუბლიკაში მკლავჭიდის 21-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის ფულადი პრემია გადასცა”,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
V საარტილერიო ბრიგადის იუბილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ბრიგადის ტერიტორიაზე V საარტილერიო ბრიგადაში არსებული ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც მოეწყო.
ცნობისთვის, V საარტილერიო ბრიგადა 1993 წლის ნოემბერში შეიქმნა. 2018 წელს ბრიგადას სახელწოდება შეეცვალა და V საარტილერიო ბრიგადა გახდა. ქვედანაყოფი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კოალიციური ძალების ფარგლებში, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის განხორციელებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები