ირმა ინაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” მიერ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ალიანსის მიერ დაგეგმილი ერთი აქცია 23 ნოემბერს ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება, ხოლო მეორე 25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე, 3 საათზე.
“მეგობრებო, ამ ბოლო დროს საზოგადოება გააქტიურდა და როგორც ვხედავთ, სხვადასხვა აქციები იმართება, რაც თავისთავად ცუდი ნამდვილად არ არის. ზოგიერთი აქციის ორგანიზატორი ვიცი ვინაა, ზოგიერთ აქციაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. ვისაც უნდა, სადაც უნდა, როგორც უნდა, ისე ჩაატარებს აქციას, მე არავისი არც დირექტორი ვარ და არც კონტროლიორი. უბრალოდ, წეღან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი აქცია ამ დღეებში დაგეგმილია “თავისუფლების მოედანზე” და ვინაიდან იმავე ადგილზე პატრიოტები 25 ნოემბერს ვიკრიბებით, მოქალაქეებმა განმარტება მთხოვეს. მეც მოკლედ განვმარტავ:
ჩვენი აქცია ჩატარდება 25 ნოემბერს, დღის 3 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე.
მანამდე, 23 ნოემბერს, დღის 3 საათზე ვიკრიბებით ბათუმში, ერას მოედანზე.
წინასწარი ინფორმაციით, ჩვენს აქციებში ათასობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ციფრს შეგნებულად არ ვასახელებ. ეს არ იქნება 10 000 და 15 000 მოქალაქე. იქნება ბევრად მეტი! ამიტომ სხვა, პარალელური, თუ პრელუდიური აქციების შესახებ, მე ვერაფერს გეტყვით.
ჩვენი აქციის ლოზუნგია: არა სააკაშვილს! არა ბოკერიას! არა ვაშაძეს! არა “ნაცმოძრაობას” და მის ნამსხვრევებს! არა კოჰაბიტაციას!
ყველა სხვა დანარჩენი აქციის ორგანიზატორებს, ვინც ქვეყნის და ხალხის ინტერესის სასარგებლოდ მართავს აქციას, წარმატებას ვუსურვებ!
ვიმეორებ: ჩვენი მხარდამჭერები ვიკრიბებით 23 ნოემბერს, დღის 3 საათზე ბათუმში, ერას მოედანზე და 25 ნოემბერს, დღის 3 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე.
გონიერ ადამიანებს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ესმით, ამიტომ გელოდებით! თქვენი იმედი მაქვს, გონიერების!”, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები