“400-ლარიანი პენსიის დაპირება გათვლილია მოსახლეობის მოტყუებაზე, რაც ამორალურია”

“400-ლარიანი პენსიის დაპირება იყო ტყუილი და გათვლილი არა საქმის გაკეთებაზე, არამედ მოსახლეობის მოტყუებაზე და არჩევნებში დამატებითი ხმების მიღებაზე, რაც ამორალურია”, – ამის შესახებ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პენსიის 400 ლარამდე გასაზრდელად დამატებით 2 მილიარდი ლარის მობილიზებაა საჭირო.
“ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პოლიტიკოსმა გააკეთოს, ეს არის ცრუ დაპირება ამომრჩევლისთვის, განსაკუთრებით კი როცა ატყუებ პენსიის მიმღებ პირს. სწორედ ასეთი ტყუილია “ნაციონალური მოძრაობის” დაპირება გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში პენსიის 400 ლარამდე გაზრდის თაობაზე, ამ ქრონიკული მატყუარების დაპირების შესასრულებლად და პენსიის 400 ლარამდე გასაზრდელად დამატებით 2 მილიარდი ლარის მობილიზებაა საჭირო”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი და იმ ფაქტის იხსენებს, როდესაც პარლამენტის ბიუროზე რომან გოცირიძემ პასუხი ვერ გასცა შეკითხვას, თუ რამდენი ლარის მობილიზება სჭირდება პენსიის 400 ლარამდე გაზრდას.
“რომან გოცირიძემ ის თანხაც კი ვერ დაასახელა, რაც პენსიების 400 ლარით გაზრდისთვისაა საჭირო. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს დაპირება იყო ტყუილი და გათვლილი არა საქმის გაკეთებაზე, არამედ მოსახლეობის მოტყუებაზე და არჩევნებში დამატებითი ხმების მიღებაზე, რაც ნამდვილად ამორალურია. მე მინდა გითხრათ, რომ ამ თანხის მობილიზება შეუძლებელი იქნება მაშინაც კი, თუ სახელმწიფო არ გადაუხდის ხელფასს არც ერთ პედაგოგს, არც ერთ ჯარისკაცს და პოლიციელს და საერთოდ არავის, ვინც ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებს. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ მილიარდ 800 მილიონი ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი”, – აცხადებს” ქართული ოცნების” დეპუტატი და ამბობს, რომ ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას და განსაკუთრებით ზრუნავს პენსიის მიმღები ადამიანების სოციალურ გარანტიებზე.
“დაპირებას, რომელიც გავეცით, რომ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ყოველთვის მოხდება პენსიის ზრდა, ვასრულებთ. პირველი იანვრიდან 20 ლარით იზრდება პენსია და ეს ტენდენცია მომავალშიც იქნება შენარჩუნებული. ეს არის მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს გათვალისწინებული, ხოლო გრძელვადიანი ეფექტის მისაღწევად ჩვენ ვმუშაობთ – 2019 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი, რაც საბაზისო პენსიაზე მეტის მიღების შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ხარჯები შევუმციროთ პენსიის მიმღებ ადამიანებს, იქნება ეს მედიკამენტების თუ სხვა მიმართულებით, რასაც ასევე სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ეს არის ის განსხვავება, რასაც პასუხისმგებლიანი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ახორციელებენ”, – აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები