„საპარტნიორო ფონდი“ სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებისთვის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აღრმავებს

„საპარტნიორო ფონდსა“ და “საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ და „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორმა აკაკი ხელაძემ მოაწერეს.
მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას, სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამეცნიერო გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.
„საპარტნიორო ფონდი“ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სტაჟირების გავლას ფონდსა და მის შვილობილ კომპანიებში სთავაზობს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი, სტაჟირების პროგრამის პირობების გათვალისწინებით, ვაკანტური ადგილის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შანსს აძლევს.
„საპარტნიორო ფონდი“ მზად არის, სტუდენტებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში მხარი დაუჭიროს. ფონდი მიესალმება ხარისხიანი განათლების მიზნით, სტუდენტთა სტაჟირების ხელშეწყობას და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. დღეს ქვეყანაში ერთი მხრივ, სამუშაო ადგილების, მეორე მხრივ კი – პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, მოტივირებულ, წარჩინებულ სტუდენტებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და კვალიფიკაციის ამაღლებაში დავეხმაროთ“,- განაცხადა გიორგი დანელიამ.
სტუდენტების შერჩევა და მათი სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა კი მოხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმ პერიოდისთვის მიმდინარე პროექტებში მონაწილე ინდივიდებისა და ინსტიტუციების საჭიროებების გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები