ხულორდავა “ნაცმოძრაობას” – თქვენი გულგრილობა მარწმუნებს, რომ თქვენ მხოლოდ ძალაუფლება გაინტერესებთ და არა ქვეყანა

0

“ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და “რუსთავი 2”-ის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბარი არის უდიდესი ცინიზმი”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
ხულორდავა მიიჩნევს, რომ მათ მხოლოდ ძალაუფლება აინტერესებთ და არა ქვეყანა.
“ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოსა” და “რუსთავი 2”-ის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბარი არის უდიდესი ცინიზმი. ამის მტკიცებას ნამდვილად სჯობს, ბატონო რომან და დანარჩენებო, გეზრუნათ იმაზე, რომ თქვენი დედა-პარტია – ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში, რომელსაც დღეს პარტიის ყრილობაზე უყრიან კენჭს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერაც ყოფილიყო იმავე ფორმით დაფიქსირებული, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაშია. ქართველი ხალხის მოტყუებას, რომ ხელისუფლება ამ თემას საერთაშორისო პარტნიორებთან არ აყენებს ჯობდა, თქვენ გეზრუნათ იმაზე, რომ თქვენი პარტიის რეზოლუციის ტექსტში, სადაც დაგმობილია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაც ყოფილიყო ნახსენები, მით უფრო, რომ ეს არის რეზოლუცია საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის შესახებ. მე არ უნდა მიწევდეს თქვენს ნაცვლად, თქვენივე პარტიულ მეგობრებთან ამ თემაზე მიწერ-მოწერა და თხოვნა. მე უფლებაც არ მაქვს, თქვენი „დედა“ პარტიის რეზოლუციის ტექსტში ცვლილებები მოვითხოვო. მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებულია, ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ შეიძლება რამე გამოვიდეს ჩვენი მცდელობიდან. სწორედ ასეთი საკითხებისადმი თქვენი გულგრილობა მარწმუნებს, რომ თქვენ მხოლოდ ძალაუფლება გაინტერესებთ და არა ქვეყანა”,- განაცხადა თამარ ხულროდავამ.

კომენტარები

კომენტარი