გოგა ხაინდრავა: საქართველოს მოსახლეობის ნაწილს შეყრილი აქვს ვირუსი, რომელიც მოდის იმ შხამკომბინატებიდან რომელიც გახსნილი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”

“საქართველოს მოსახლეობის ნაწილს შეყრილი აქვს ვირუსი, რომელიც მოდის იმ შხამკომბინატებიდან, რომელიც გახსნილი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” და საიდანაც იღვრება სიცრუე, ძალადობა ცილისწამება და სხვა მრავალი უბედურება!” – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” წევრები არიან შეკრებილი.
გოგა ხაინდრავამ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოცხადდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
“ყველა ხელისუფლებას აქვს შეცდომები და პრობლემები, თუმცა ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთისგან გავარჩიოთ შეცდომა და დანაშაული, შემდეგ კი შესაბამისი პასუხი მოვთხოვოთ მის ჩამდენ ძალას. საქართველოს მოსახლეობის ნაწილს შეყრილი აქვს ვირუსი, რომელიც მოდის იმ შხამკომბინატებიდან რომელიც გახსნილი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” და საიდანაც იღვრება, სიცრუე, ძალადობა ცილისწამება და სხვა მრავალი უბედურება!
ეს იყო კაცთმოძულეობა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში სჩადიოდა. ჩვენ უნდა დავივიწყოთ თურმე ეს 9 წელი და არ უნდა ვილაპარაკოთ, თუმცა რა ვუყოთ სულიერად დასახიჩრებულ და გაუბედურებულ ოჯახებს? 300 000 პრობაციონერი იყო საქართველოში. იმ ბავშვებს რა ვუყოთ, რომელთა მამებიც ფსიქოლოგიურად და ფსიქიკურად გატეხეს ციხეებში?! დავივიწყოთ ყველაფერი, რასაც სჩადიოდნენ? შეგიძლიათ დამისახელოთ რომელიმე ქვეყანა ან ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქვეყანას ისეთ დამართებს, რაც ამათ დაგვმართეს? არის ასეთი მცნება – სტოკჰოლმის სინდრომი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი. მე მეგონა, რომ ეს არის ფსიქოლოგიური მოვლენა, არჩევნებზე კი მივხვდი, რომ ეს არის ვირუსი, რომელიც ამ ქვეყანას შეეყარა. 600 000-მა მსხვერპლმა მოძალადეს მისცა ხმა, მოძალადეს ტრფობა გამოუცხადა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არ გვაქვს გააზრებული, სად ვიყავით და სად ვართ“, – განაცხადა ხაინდრავამ.
ამასთან, ხაინდრავამ საქართველოს მოსახლეობას მიმართა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნდება, სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება.
“ ნაციონალური მოძრაობა” კვლავ გვემუქრება სისხლისღვრით, წამებით, დარბევით, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან არასასურველი მოქალაქეების გაძევებით, რასაც რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ჩვენ, ყველა ერთად. მე მჯერა, რომ ყველა აქ მდგომი გამოიყვანს 100 ადამიანს, რომელიც მივა არჩევნებზე და ხმას მისცემს სალომე ზურაბიშვილს. ჩვენ ერთად, არ მივცემთ საშუალებას ამ მტარვალებს, კიდევ ერთხელ დააჩოქონ და დაანგრიონ ეს ქვეყანა”, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის თეატრთან, აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები