დაჩი ცაგურია: როგორ შეიძლება მე ჩემი წყენა ახლა წინ წამოვწიო და ცელივით გამოვუსვა ჩემს სამშობლოს

“როგორ შეიძლება, მე ჩემი წყენა ახლა წინ წამოვწიო და ცელივით გამოვუსვა ჩემს სამშობლოს”, – ამის შესახებ “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელმა, დაჩი ცაგურიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” წევრები არიან შეკრებილი.

როგორც დაჩი ცაგურიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თავადაც უკმაყოფილოა მოქმედი მოსამართლეების, რომლებმაც ერთ-ერთ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
მისივე თქმით, სწორედ ეს მოსამართლე დააწინაურა დღეს ხელისუფლებამ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ მისი წყენა ახლა რა მოსატანია, როდესაც ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების საფრთხე არსებობს.

“ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან ბევრი ფული, როგორც ნახეთ, დადიან და უბნებზე ფულს არიგებენ. ახლა დაიწყეს მოლაპარაკებები და ცდილობენ, საშუალო სპიკერები გადაიბირონ. ხელისუფლებისგან განაწყენებულ ადამიანებს სოლიდურ თანხის სანაცვლოდ, სთავაზობენ, რომ “კი არ შეგვაქო, თქვი, რომ “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” არის ერთი და იგივეო. მე პირადად, როგორც ყველამ იცის, ხელზე ძვლები დამილეწეს, მაგრამ ის ადამიანები დღემდე არ არიან დასჯილი, ნაწყენიც ვარ. უფრო მეტიც, ის მოსამართლე დააწინაურეს, რომელმაც ტყუილუბრალოდ გამომიტანა ერთ-ერთი სასჯელი. მე ამაზე მარტო ნაწყენი კი არა, შეურაცხყოფილი ვარ, მაგრამ როგორ შეიძლება, მე ჩემი წყენა ახლა წინ წამოვწიო და ცელივით გამოვუსვა სამშობლოს”, – აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.
ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის თეატრთან, აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები