ირაკლი ბათიაშვილი: თვალებს ნუ დავიბრმავებთ და დავინახოთ ის რადიკალური სხვაობა, რომელიც არსებობს ძველ სისხლიან რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის

“თვალებს ნუ დავიბრმავებთ და დავინახოთ ის რადიკალური სხვაობა, რომელიც არსებობს ძველ სისხლიან რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის”, – ამის შესახებ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ბათიაშვილმა რუსთაველის თეატრთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ აგონიაში მყოფი ძალა გააცოცხლა და ახლა ეს ძალა ხელახლა მობრუნებით იმუქრება.
„ჩვენი უმოქმედობით, პასიურობით, გზას გავუხსნით საქართველოში ბოროტებას ან ჩვენი ერთსულოვანი ძალისხმევით, ერთხელ და სამუდამოდ, დავასამარებთ შავ-ბნელი ძალის მობრუნებას ჩვენს ქვეყანაში. მრცხვენია, რომ ამდენი წლის შემდეგ, ვდგავარ აქ და ამ თემებზე ვლაპარაკობ. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ, თავისი უხერხემლო პოლიტიკით, მოახერხა ის, რომ გააცოცხლა აგონიაში მყოფი ძალა და ხელახლა გვემუქრება მობრუნებით. რა თქმა უნდა, შეცდომებიც დაშვებულია და ამ შეცდომების გამოა, რომ ჩვენი გაჭირვებული ხალხის დიდ ნაწილში არის ასეთი ნიჰილიზმი და აგრესიული მუხტი. ამ ყველაფერს გაგებით უნდა ვეკიდებოდეთ, მაგრამ მოდით, ხალხო, თვალებს ნუ დავიბრმავებთ და კარგად დავინახოთ ის რადიკალური სხვაობა, რომელიც არსებობს როგორც თეთრსა და შავს შორის, ისე იმ ძველ სისხლიან რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები