დავით მაღრაძე: ჩვენთვის ბრძოლა ივანიშვილს არ უსწავლებია – ბრძოლა ჩვენმა ღირსებამ გვასწავლა

“ჩვენთვის ბრძოლა ივანიშვილს არ უსწავლებია – ბრძოლა ჩვენმა ღირსებამ გვასწავლა”, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საზოგადოების ნაწილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.
მისივე განცხადებით, ეს გაერთიანება არ იყო ერთი კაცის გარშემო შექმნილი, ეს იყო მოსახლეობის ხმა, პროტესტი ძალადობისა და უმსგავსობის მიმართ, რომელსაც შეუერთდა ივანიშვილი.
„საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში ღირსების ხმა გაისმა. გულგატეხილი ხალხი არ მოვიდა. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენს მმართველ პარტიაში ჩათვალეს – ხალხმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად აღკვეთა მანიაკალური ხელისუფლების პარპაში საქართველოში და როგორც მაშინ ბიძინა ივანიშვილმა დაუჭირა მხარი ჩვენს მოძრაობას, კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის ბრძოლა ივანიშვილს არ უსწავლებია – ბრძოლა ჩვენმა ღირსებამ გვასწავლა. ეს არ იყო ერთი კაცის გარშემო შექმნილი გაერთიანება, ეს იყო მოსახლეობის ხმა, პროტესტი ძალადობისა და უმსგავსობის მიმართ, რომელსაც შემოუერთდა ივანიშვილი. ახლა კი ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და შემოუერთდეს ჩვენს გულისთქმას. კეთილი ინებეთ და შემოგვიერთდით, ჩვენში კი ნუ ეძებთ მხარდამჭერებს, თქვენ უნდა გახდეთ ჩვენი მხარდამჭერები“, – აღნიშნა მაღრაძემ.
მაღრაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ ერთი კარგი რამ მოხდა.
„გაპრეზიდენტების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი არ იქნება ვალში არსებულ ხელისუფლებასთან. მოსახლეობა გაიყვანს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად და მხოლოდ საკუთარი მშობელი ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ეს კი გახდება სათავე იმისა, რომ პრეზიდენტის დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან მაღალი იქნება. ეს იქნება ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი და მიღწევა“, – აღნიშნა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები