კახა კოჟორიძე: მიხეილ სააკაშვილი დღეს მისივე შექმნილ სასამართლოს უცხადებს უნდობლობას

“მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლოს უცხადებს უნდობლობას, თუმცა ეს მისი შექმნილი სასამართლოა”, – ამის შესახებ ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.
მისივე თქმით, როდესაც ათასობით ადამიანი ციხეში მიდიოდა, მაშინ სასამართლო კარგი იყო, ხოლო როცა ყოფილმა პრეზიდენტმა თავის თავზე გამოცადა, მაშინ უსამართლო აღმოჩნდა.
„თუ დადასტურებულ დანაშაულზე მოხდება შეწყალება, საზოგადოებაში ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონის უზენაესობა. სხვა არის, თუ ადამიანი მოიპარავს პურს, ძეხვს ან ჯართს და მრავალი წელი იჯდება ციხეში. მაგრამ როცა უმძიმეს დანაშაულებზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება შეწყალებაზე ვისაუბროთ. ჩემთვის მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შესაწყალებელია, იდავოს და დაამტკიცოს. მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლოს უცხადებს უნდობლობას, თუმცა ეს მისი შექმნილი სასამართლოა. როცა ათასობით ადამიანი მიდიოდა ციხეში, მაშინ ეს სასამართლო კარგი იყო და როცა თავის თავზე ნახა, მაშინ უსამართლოა. სააკაშვილს აქვს უფლება, ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, მაგრამ საქართველოში ბავშვმაც იცის, რომ დეპუტატს რომ სცემეს, ეს პრეზიდენტის ნების გარეშე ვერ განხორციელდებოდა”,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
რაც შეეხება ყოფილ დეპუტატს, ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო შეწყალებაზე საუბარი მისთვის მიუღებელია. მისივე თქმით, დამნაშავე ადამიანის შეწყალება დაუშვებელია, მით უმეტეს, როდესაც მას ერთი დღეც არ გაუტარებია ციხეში.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილი 2005 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, დაზარალებულად არის ცნობილი. მისი ცემის ორგანიზებისთვის, ერეკლე კოდუასა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. გამოძიების ინფორმაციით, ვალერი გელაშვილს სპეცრაზმი ერთ-ერთი კრიტიკული საგაზეთო სტატიის გამო, ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები