ჩემი თვალით ვუყურებდი როგორ ურტყამდნენ გაზით გაბრუებულ დავარდნილ ხალხს – საზოგადოება 7 ნოემბერს იხსენებს

2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევიდან 11 წელი გავიდა. თუმცა ის შიში, ემოცია, სტრესი და ზეწოლა, რაც აქციის მონაწილეებმა იმ დღეს გადაიტანს ამ დრომდე არ განელებულა. საზოგადოება კამპანიის ფარგლებში #მემახსოვს და #7ნოემბერი, ყოველივე ამის შესახებ სოციალურ ქსელში, თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს, “კვირა” კი, რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
“რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვახსოვდეს 7 ნოემბერი. უნდა გვახსოვდეს როგორ არ შეიძლება გძულდეს საკუთარი მოქალაქეები, როგორც არ შეიძლება დევნიდე განსხვავებულ აზრს, როგორ არ შეიძლება დაუპირისპირდე სიმართლეს, როგორ არ შეიძლება იძალადო…
დიახ, მახსოვს 7 ნოემბერი, მთელი დღე ეთერში და ღამე დარბეულ “იმედში”. თუმცა, ჩვენ, ღობესთან მიმწყვდეულ მედიას ისიც გვახსოვს რა ძალა ჰქონდა ღობის იქეთ მდგარი ადამიანების საშველად გამოწვდილ ხელებს.

როდესაც ერთი თვის მერე რადიო “იმედი” საცდელ მაუწყებლობას დაუბრუნდა და ჩვენ შენობაში შევედით, ყველას გაგვეცინა -“ნიღბიან ვაჟკაცებს” მუსრი გაუვლიათ ჟურნალისტების სამუშაო მაგიდების უჯრებში გადანახული შოკოლადებისა და მშრალი ნამცხვრებისთვის. ჰოდა, მივალაგეთ სამუშაო მაგიდები, გავაგრძელეთ მუშაობა და სულ მალე მთელი საქართველო რადიო “იმედს” გათიშული ტელე “იმედის” ზოლიანი ეკრანიდან უსმენდა.
7 ნოემბერი არის ცხადი მაგალითი, როგორ იქცევა მშიშარა, მხდალი, უზნეო ძალა”.

“რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვხვდები რამდენად საშინელი იყო 7/11/2007 და აი ის ხმა, საშინელი ხმა, რომელიც სახლამდე აღწევდა”.

“#7ნოემბერი გვახსოვს ყველას და ისიც კარგად ვიცით არასოდეს განმეორდება!!!
პ.ს მე კი ვიქნები მთელი ცხოვრება 7 ნოემბერს გაზით მოწამვლის შედეგად
“შეძენილი” ალერგიით …
#არამიშას”
“ხალხზე ძალაუფლება, ხალხის ძალაუფლებამ შეცვალა და ეს არჩევანი გარდაუვალია!
#მახსოვს
#7ნოემბერი”
“7 ნოემბერი ჩემი ტკივილი. ძალადობა ჩემი თვალით ვუყურებდი როგორ ურტყამდნენ დავარდნილ გაზით გაბრუებულ ხალხს, წიხლებით სცემდნენ და გავრბოდი, რომ ამომესუნთქა, “ნაცებო” თქვენ რა ჯიშის ადამიანები ხართ ? ეტყობა შემთხვევით დაიბადეთ საქართველოში”.
“ოჯახიდან და ალბათ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბავშვობიდან აქტიურად ჩართული ვიყავი საკუთარი ქვეყნის პოლიტიკაში. იმ დროს, როცა სხვა ბავშვები მულტფილმებს უყურებდნენ, მე ზეპირად ვიცოდი ვინ იყვნენ ვანო მერაბიშვილი, ნიკა გილაური, გივი თარგამაძე და ასე შემდეგ. 8 წლის ვიყავი ამ დროს, მახსოვს როგორ მოვყავდი დედაჩემს სკოლიდან და ვუსმენდი რადიოში როგორ აფურთხებდა სულში მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს, დაგდებულ კაცს ურტყამდნენ, ტელეკომპანიას არბევდნენ და ჟურნალისტებს ცემდნენ. სახურავებზე სისხლიანი ადამიანები ეყარნენ და თხოვდნენ სპეცრაზმელებს, რომ აღარ დაერტყათ, მაგრამ ისეთი სისასტიკით იღებდნენ დარტყმებს, რომ ზოგს დღემდე დაქვეითებული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოწყენილი ვიჯექი ტელევიზორთან და მეშინოდა, რომ გავიზრდებოდი და მეც ამ რეჟიმში მომიწევდა ცხოვრება, შემეშინდებოდა აზრის დაფიქსირება და შეიძლებოდა ციხეშიც კი აღვმოჩენილიყავი ეს იყო 11 წლის წინ, მაშინ ადამიანის უფლებები არაფერს ნიშნავდა, მაშინ განსხვავებული აზრის გამო ხალხი ციხეში იტანჯებოდა, მაშინ არასამართლიან მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა სიკვდილს ნიშნავდა. დღეს, რომ ვუფიქრდები, ბედნიერი ვარ, რომ უფრო ადრე არ დავიბადე, რადგან შეიძლება მაგ რეჟიმს თავისუფლად შევწირვოდი. 7 ნოემბერს კიდევ ბევრი შეცდომა მოყვა და არსებობს უამრავი ადამიანის პირადი ისტორია, რომელიც ტრაგედიაა, მაგრამ ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი ტკივილია, სამწუხაროდ ამ დარბევის შემოქმედები დღესაც არიან სისტემაში, სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ სამწუხაროდ 700.000 მოქალაქეს ამ რეჟიმის დაბრუნება სურს”.
“ისე, როდესაც ხელისუფლებაში მობრუნება გინდა, 2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წლის შემდეგ მაინც არ უნდა გამონახო საკუთარ თავში ძალა და მკაფიოდ თქვა, რომ ის ველურობა, რაც მაშინ ჩაიდინეთ მიშას ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო და იმ არაადექვატური სისასტიკისთვის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი არა, უბრალო ხალხს უნდა მოუხადოთ ბოდიში. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ასე მოქცევა სწორი იქნებოდა”
“იმ კაცის არც სახელი ვიცი და არც გვარი, მხოლოდ ის მახსოვს, ერთი ორჯერ მოვიდა შტაბში, სადაც ყოველთვის უამრავი ხალხი ტრიალებდა, ყოფილ პოლიციელად გაგვეცნო. მე მაშინ ისანი-სამგორის შტაბს ვხელმძრვანელობდი და გაერთიანებული ოპოზიციის 2007 წლის 2 ნოემბრის აქციის შემდეგ, მთავრობის სახლთან ყოველ ღამე მორიგე ჯგუფს ვაგზავნიდით (მიმდინარეობდა სადღეღამისო მწოლიარე აქცია). ის “პოლიციელი” 6 ნოემბერს შტაბში მოვიდა, მომიახლოვდა და მაგიდაზე თითების კაკუნით შემდეგი ფრაზა წარმოსთქვა: “ხვალ, დილით 6-ზე, 7-ზე იქ ვარ!” ეს სიტყვები მცირე პაუზის შემდეგ კიდევ გაიმეორა და წავიდა. ჩავფიქრდი, აშკარა იყო, ფაქტიურად უცნობმა ადამიანმა რაღაცა მიმანიშნა, მაგრამ რა?!. მივხვდი, იმ ღამეს, გამთენიისას რაღაც უნდა მომხდარიყო… ერთადერთი რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ იმ კრიტიკულ და უამინდო ღამეს მე თავად უნდა წავსულიყავი რუსთაველზე ჩემს ოთხკაციან ჯგუფთან ერთად (გაერთიანებული ოპოზიციის ყველა სუბიექტი ანალოგიურად იქცეოდა). ჯგუფში ჩემი მეუღლე და ჩემი მეგობარი თანაპარტიელებიც იყვნენ. მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა, რუსთაველზე სულმთლად სველი ვიდექით, გამთენიისას უცნაური მოძრაობები შევამჩნიეთ, გამოჩნდნენ დასუფთავების მანქანები, რომელშიც “კაპიშონიანი” კაცები ისხდნენ და სახეებს მალავდნენ… რუსთაველის თეატრის შესასვლელთან საიდანღაც იღლიაში პარკებამოჩრილი მამაკაცების გრძელი რიგი დადგა, შემდეგ თანდათან შიგნით გაუჩინარდნენ. მალე იქიდან, ჯინი რომ ბოთლიდან ამოუშვა, ისე გაიშალნენ ყვითელ კაპიშონიან ლაბადებში გამოწყობილი და დუბინკებით შეიარაღებული პირები. ისინი პირდაპირ მთავრობის სახლის წინ მწოლიარე აქციის მონაწილეებს შეესივნენ, სასტიკად გაუსწორდნენ, აყარეს და თვალის დახამხამებაში მიმოფანტეს. ერთმა ჯგუფმა ჩვენ თანდათან შეგვავიწროვა და პუშკინის სკვერისაკენ გვიბიძგა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მე ვიდეოკამერა მქონდა, მოვიმარჯვე, მინდოდა გადამეღო, მაგრამ ერთმა დუბინკიანმა ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი, ჩემს კამერას წირვას გამოუყვანდა… თავიდან ბოლომდე წყლით ვიყავი გაჟღენთილი, მეუღლემ და მეგობრებმა ფაქტიურად ძალით გამომარიდეს იქაურობას. დამითანხმეს, რომ ტანსაცმელი გამომეცვალა და უკან დავბრუნებულიყავით. სააბაზანოში ვიყავი, როცა მეუღლის ხმა შემომესმა, ოპოზიცია ტელევიზორში ხალხს მოუწოდებსო და გავრბივარო…. მერე იყო ის, რომ მთელი ღამე ვიფარებდით აქციის ნაცემ, ტანსაცმლიანად წყალში და ლაფში ამოვლებულ მონაწილეებს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე შტაბში. ვუშრობდით ტანსაცმელს, ვათბობდით და ვაპურებდით. შემდეგ “იმედის” დარბევაც გავიგეთ და ირგვლივ “სიბნელე” ჩამოწვა… ეს იყო ძალიან გადაჭარბებული ძალის დემონსტრირება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. ხელისუფლება, რომელიც ამ ძალას იყენებს ყოველთვის მარცხდება. ამ ისტორიას “აქ” არ გავიხსენებდი, რომ არა ის “პოლიციელი”, ჩვენი გაფრთხილება რომ უნდოდა…” – იხსენებენ 7 ნოემბერს მოქალაქები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები