ხათუნა თოთლაძე: ,,იმედის” დარბევის შემდეგ დაიწყო არნახული ტერორი
არავის დაავიწყდება ის, რაც 11 წლის წინ თავს დაატყდა არამარტო ტელეკომპანია იმედს, არამედ მთელ ქვეყანას… ეს ისინი არიან, რომლებიც გვიმახსოვრებენ, თორემ ჩვენ ყველა და ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს, – ამის შესახებ გადაცემაში „პირისპირ“ იმედის დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.
მან პირდაპირ ეთერში გაიხსენა, თუ რა განცდა იყო მაშინ მათ ოჯახში და თქვა, რომ ეს იყო შიშის ღალატის და საშინელი ტკივილის განცდა.„წარმოიდგინეთ მაშინ ჩვენთვის იმედიც კი მოკვდა – იმედი, რომელიც არ იყიდებოდა… ეს არ იყო მხოლოდ „იმედის დარბევა. ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება. ამით დაისაჯა არამარტო ერთი კონკრეტული ოჯახის წარმომადგენელი – ბადრი პატარკაციშვილი, ამით დასაჯეს თავისუფალი სიტყვა საქართველოში“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
მისი თქმით, ყველაზე დიდი უსამართლობა თანმდევი ტერორის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის მოღალატედ გამოცხადება იყო.
,,იმედის” დარბევის შემდეგ დაიწყო არნახული ტერორი“, – იხსენეს ხათუნა თოთლაძე.
საქართველოს პროკურატურამ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. სასამართლოში საქმის განხილვა 27 ივნისს დაიწყო.