პროკურატურამ ზაზა სარალიძესთვის არც პატიმრობა და არც გირაო არ მოითხოვა
პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამისთვის არც პატიმრობა და არც გირაო არ მოითხოვა. ერთადერთი შუამდგომლობა, რომელიც ბრალდების მხარემ დააყენა, წინასასამართლო სხდომის ჩანიშვნა იყო. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მისთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება.
„ვერ გეტყვით, ეს საქმე რატომ არის რუსთავში გადმოტანილი და რატომ იძიებს რუსთავის საოლქო პროკურატურა ამ საქმეს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ყველა პროკურორი ჩემთვის არის იგივე ფხაკაძე, იგივე გუგუშვილი, იგივე შოთაძე, ვინც ჩემი შვილის საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა. რა ბრალიც მაქვს წაყენებული, არ ვეთანხმები,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსნებთ, რომ შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე 26 ოქტომბერს დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. სარალიძეს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. შვილმოკლულ მამას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.