გურამ შარაძის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა
ფილოლოგის, ისტორიკოსისა და პოლიტიკოსის გურამ შარაძის მკვლელობიდან 7 წელი გავიდა. აკადემიკოსი 2007 წლის 20 მაისის საღამოს თბილისის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობისათვის დაკავებულია 29 წლის გიორგი ბარათელი, რომელიც შარაძის შვილის მეგობარი იყო. მიუხედავად ამისა, შარაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს. შარაძის ოჯახი ხელახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
გურამ შარაძის მკვლელობიდან 7 წლისთავზე მკვლელობის ადგილზე ოჯახის წევრები და მეგობრები მელიქიშვილისა და შანიძის კუთხეში საღამოს 6 საათზე შეიკრიბებიან.
გურამ შარაძე 1940 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში დაიბადა. მნიშვნელოვანია მისი შრომა უცხოეთში ემიგრირებულ ქართველთა მოძიებისა და მათი მოღვაწეობის გამომზეურების საქმეში. შარაძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე, მისი ხელმძღვანელობით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში ეროვნული არქივი ჩამოიტანეს. გურამ შარაძე შემდეგი წიგნების ავტორია: „თეიმურაზ ბაგრატიონი – ცხოვრება და მოღვაწეობა“, „მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა“, „ილია ჭავჭავაძე“, „უცხოეთის ცის ქვეშ“, „მემედ აბაშიძე“, „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება“, „აკაკი წერეთელი“.
1999 წელს შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ხოლო 2001 წელს – მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“.