ეკა ბესელია: გიორგი გახარია არ ერევა არჩევნების პროცესში, მაგრამ ვალდებულია, მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოს

“გიორგი გახარია არ ერევა არჩევნების პროცესში, მაგრამ ვალდებულია, მოსახლეობის უსაფრთხოება, საზოგადოების წესრიგი დაიცვას”, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია შს მინისტრის ზუგდიდში ჩასვალას.
ამასთან, ეკა ბესელია განმარტავს, რომ გიორგი გახარია არაერთხელ იყო ჩასული ზუგდიდში და ეს არ არის პირველი შემთხვევა.
„შს მინისტრის რეგიონებში ჩასვლა არ არის პირველი. ის რამდენჯერმე იყო და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადგილზე ეცნობოდეს სამინისტროს წარმომადგენლების მუშაობას საარჩევნო პროცესის თვალსაზრისით, რათა პოლიციამ შეასრულოს თავისი მოვალეობა. ის არ ერევა არჩევნების პროცესში, მაგრამ ვალდებულია, მოსახლეობის უსაფრთხოება, საზოგადოების წესრიგი დაიცვას. ამ მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიციის მზადყოფნას. განსაკუთრებით, როცა ჩვენ ვხედავთ, ბოლო წლებში, რამდენად დისტანცირებულია და იცავს პოლიცია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ამ მხრივ, მინისტრის ადგილზე ჩასვლა და სტრუქტურების გაცნობა მხოლოდ ეხმარება ამ პროცესის კიდევ უფრო სტაბილურობას”, – განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, ბესელიას თქმით, არჩევნების მეორე ტურისთვის დაგეგმილია ახალი სტრატეგია და სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილია მაჟორიტარი დეპუტატების ჩასვლა რეგიონებში.
„მეორე ტურისთვის ახალი სტრატეგიაა დაგეგმილი. ამ ახალი სტრატეგიის ფარგლებში და ამ მოკლე დროში, რაც გვაქვს მეორე ტურამდე, გათვალისწინებულია, რომ მაქსიმალურად ფართო იყოს ის არეალი, რომელიც უნდა დაფაროს, როგორც ჩვენმა დეპუტატებმა, მაჟორიტარებმა, აღმასრულებელი თუ წარმომადგენლობითი ორგანოს იმ წევრებმა, რომლებიც უშუალოდ უნდა ესაუბრონ ხალხს. ალბათ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა ამ მეორე ტურის დროს თითოეული მოქალაქის მისვლამ და აქტიურობამ, რადგან ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო არჩევანი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი გრძნობს მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, რამდენად დიდია თითოეულის მისვლა არჩევნებზე”,- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრები გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები