ირაკლი ოქრუაშვილი: როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და შევძლებ, რომ ახლაც დავივიწყო (ვიდეო)

“როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და შევძლებ, რომ ახლაც დავივიწყო”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც შეხვედრისას ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, ამ დროისათვის მას არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერს თუ არა მხარს გრიგოლ ვაშაძეს. ირაკლი ოქრუაშვილმა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, დრო ითხოვა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, 2007 წელს, 28 სექტემბერს დააკავეს. იმ დროს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკური მოძრაობა “ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს სსკ-ის რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი, კერძოდ, 181-ე (გამოძალვის), 194-ე (ფულის გათეთრების), 332-ე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების) და 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობის) მუხლებით.
მოგვიანებით, გენერალურმა პროკურატურამ ის ოპერატიული ვიდეო და აუდიომასალა გაავრცელა, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში ნივთიერი მტკიცებულებების სახით იდო. მათ შორის არის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი ქიტოშვილის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, ასევე, ის პროცედურები, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ პროკურატურამ ჩაატარა. ფირზე აღბეჭდილია, როგორ გააცნეს დაკავებულ ყოფილ მინისტრს საკუთარი უფლებები, ასევე, დიმიტრი ქიტოშვილის აღიარებითი ჩვენება, სადაც ის ყვება, თუ როგორ დაათმობინეს ქონებრივი წილი კომპანია “ჯეოსელში” ჯემალ სვანიძეს, გურამ გოგუას სასარგებლოდ.
ამ აღიარებითი ჩვენების შემდეგ, პროკურატურამ დიმიტრი ქიტოშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის შემდეგაც ის პატიმრობიდან გირაოს – 10,000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გვიან ღამით, მოსამართლემ ოქრუაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადწყვეტილება ღამის 2 საათზე გახდა ცნობილი. პროცესს არ დასწრებია თავად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მოდულის შენობაში იმყოფებოდა. მან სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები