დიმიტრი ხუნდაძე: სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მთავარი გზავნილი იყო, როდესაც პრემიერი ახალი სამთავრობო პროგრამით წარდგა პარლამენტში

“სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მთავარი გზავნილი იყო, როდესაც პრემიერი ახალი სამთავრობო პროგრამით წარდგა პარლამენტში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, ყველაფრის ნეგატივში გადაყვანა არათუ უზნეობა, არამედ საზოგადოებაზე საინფორმაციო ზეწოლაა.
„მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების მიერ შეფასებულ და საზოგადოებისთვის ნეგატივად მიწოდებულ იმ მნიშვნელოვან პროექტს, რაც სოციალურად დაუცველთა, ბავშვიანი ოჯახების დახმარების გაზრდას ეხება და რომ თითქოს ეს არის საარჩევნოდ მოგონილი რაიმე შეთავაზება. ეს ასე არ არის, ჩვენ 2012 წლის შემდეგ გამოვაცხადეთ ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები მთავარ პრიორიტეტად. ეს არაერთი პროექტით დავამტკიცეთ. მაგალითად, ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა, „მთის კანონი“, სადაც სოციალური პაკეტი სწორედ ამ მიმართულებებს გულისხმობს.
მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალურად დაუცველთა ოჯახების დახმარების და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარი გზავნილები იყო, როდესაც პრემიერი ახალი სამთავრობო პროგრამით წარდგა პარლამენტში. ამის დასტური არის მაგალითად ის, რომ მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამების შესახებ კანონპროექტი ჩვენ კიდევ ივნისში მივიღეთ, რაზეც მთავრობა მუშაობს. ასე რომ, ივნისში დაწყებული კანონპროექტი არავითარ სიახლოვეს არ იყო არჩევნებთან არც ამ თემატიკასთან. ეს არის ის პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ.
ყველაფრის ნეგატივში გადაყვანა არათუ უზნეობა, არამედ საზოგადოებაზე საინფორმაციო ზეწოლაა. მინდა, საზოგადოებამ სწორად გაიგოს, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეს და არაერთხელ განგვიხორციელებია მნიშვნელოვანი პროექტები, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული, ასევე, მათი სოციალური მდგომარეობა იყოს გაუმჯობესებული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად, 50-ლარიან დახმარებას მიიღებენ. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები