საქართველოს რკინიგზა სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებულ ფილმს განცხადებით ეხმაურება

საქართველოს რკინიგზა სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებულ ფილმს განცხადებით ეხმაურება, რომელიც სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სომხეთის მიმართულებით კონკრეტული ტვირთების გადაზიდვების შეზღუდვასა და შეფერხებებს ეხებოდა.
“კვირას” აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“2018 წლის 20 და 30 ოქტომბერს, მედიით გაშუქდა სტუდია ,,მონიტორის“ მიერ მომზადებული ფილმი და კერძო, დაინტერესებული პირების განცხადებები სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სომხეთის მიმართულებით კონკრეტული ტვირთების გადაზიდვების შეზღუდვისა და შეფერხებების თაობაზე. გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფილმს, რომელიც შეიცავდა უამრავ ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას და რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არამედ სს „საქართველოს რკინიგზის“ დისკრედიტაციასა და იმიჯის შელახვას.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კომპანია ,,ქროსლაინ ლოგისტიკს“ 1500 ტონა საწვავი ორ თვეზე მეტია ბათუმის ტერმინალში აქვს დასაწყობებული. სს ,,საქართველოს რკინიგზის” მიმართვის პასუხად, ქალაქ ბათუმში არსებული სამივე ტერმინალი, რომლებიც რკინიგზით ახორციელებენ ნავთობპროდუქტების შენახვა/დასაწყობებას, წერილობით ადასტურებს, რომ არც შპს ,,ქროსლაინ-ლოგისტიკას“ და არც Аг Фуел-თან არ ჰქონიათ სახელშეკრულებო ურთიერთობა და შესაბამისად, მათი ტვირთი არ არის განთავსებული მათ რეზერვუარებში. (იხილეთ დოკუმენტები) ·
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კომპანიების ტვირთი არ ინახება ბათუმის ტერმინალების რეზერვუარებში, ტყუილია თითქოს ზემოაღნიშნული კომპანიები ტვირთის დაყოვნების გამო, ჯარიმას უხდიან ტერმინალებს, თვეში 1500 აშშ დოლარის ოდენობით და დღეის მდგომარეობით, გადასახდელი აქვთ 3000 აშშ დოლარი.
სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, შპს ,,რომპეტროლ საქართველოსაგან“ აღნიშნული კომპანიების მიერ საწვავის შესყიდვის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულს მოწმობს ,,რომპეტროლ საქართველოსაგან“ მიღებული წერილი, რომ 2018 წლის აგვისტოდან დღემდე, საბაჟო საწყობიდან ტვირთის გადაწერა რომელიმე კომპანიაზე არ განხორციელებულა. აქვე განვმარტავთ – ტვირთის საბაჟო საწყობიდან გადაწერა ნიშნავს ტვირთმფლობელის შეცვლას, რაც თავის მხრივ, ტვირთის გაყიდვაა (იხილეთ დოკუმენტი).
საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ სს „საქართველოს რკინიგზასთან“ გაფორმებული საექსპედიტორო ხელშეკრულების ფარგლებში, რკინიგზას უნდა განეხორციელებინა 40 000 ტონა საწვავის გადაზიდვა სომხეთის მიმართულებით. შპს „ქროსლაინ-ლოგისტიკს“ ნამდვილად აქვს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება სს „საქართველოს რკინიგზასთან“, თუმცა აღნიშნული სტანდარტული ხელშეკრულების პირობებით, რკინიგზა ვალდებულია, გადაზიდვა განახორციელოს იმ მოცულობით, რომელსაც ითვალისწინებს მხარეთა შორის სარკინიგზო ზედნადების ფორმით დადებული ყოველი ცალკეული ხელშეკრულება. მსგავსი ხელშეკრულება კი მხარეთა შორის არ არის გაფორმებული.
ცილისწამებაა თითქოს საქართველოს რკინიგზა აყოვნებს ე.წ. მესპლანის (რაც წარმოადგენს ტვირთმიმღების დასტურს ტვირთის მიღების მზაობაზე) შეთანხმების პროცედურებს, რადგანაც შპს ,,ქროსლაინ ლოგისტიკს“ ორივე ოფიციალური მომართვის შედეგად, სომხეთის რკინიგზამ დაახარვეზა წარმოდგენილი დოკუმენტი და უარი განუცხადა ,,საქართველოს რკინიგზას” აღნიშნული კომპანიების ტვირთების მიღებაზე (იხილეთ დოკუმენტები)·
სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ შპს ,,დავითი და კომპანია“-ს და/ან მის რომელიმე პარტნიორ კომპანიას 3 000 ტონა საწვავი ქუთაისის ტერმინალში აქვს დასაწყობებული. ქუთაისში არსებული სამივე ტერმინალიდან, რომლებშიც რკინიგზის ვაგონებით შესაძლებელია ნავთობპროდუქტების შეტანა, შენახვა/დასაწყობება, სს „საქართველოს რკინიგზამ“ მიიღო წერილობითი დასტური, რომ არც შპს „დავითი და კომპანიას“ და არც მის პარტნიორ კომპანიებს, კერძოდ, MIKA Limited-სა და MAX PETROL-ს, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, არ აქვთ ტერმინალებთან სახელშეკრულებო ურთიერთობა და შესაბამისად, მათი ტვირთი არ არის განთავსებული ქუთაისში არსებულ რეზერვუარებში (იხილეთ დოკუმენტები).
ტყუილია განცხადება იმის შესახებ, რომ ,,საქართველოს რკინიგზა” უარს აცხადებს, დაინტერესებული მხარეების მოთხოვნით, გადაზიდვების განხორციელებაზე და შესაბამისად, კარგავს ტვირთებს სომხეთის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტის გადაზიდვა ხდება იმ ოდენობით, რა მოცულობის მოთხოვნაც სომხეთის ბაზარზეა. აღნიშნული მოთხოვნა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ერთგვაროვანია და დაახლოებით წელიწადში 300 ათას ტონას შეადგენს.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად ინფორმაცია, რომ 2017 წლის 9-თვიან პერიოდთან შედარებით, 2018 წელს იგივე პერიოდში, სომხეთის მიმართულებით გადაზიდული ნავთობპროდუქტების მაჩვენებელი შემცირდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,საქართველოს რკინიგზა” ეხმაურება ცრუ ინფორმაციას და ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ 2018 წლის 9-თვიან ჭრილში 2017 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, სომხეთის მიმართულებით გადაზიდული ნავთობპროდუქტების მოცულობა არათუ შემცირებული, არამედ 18 000 ტონით მომატებულია. კერძოდ, 2018 წელს 9 თვეში გადაზიდული ნავთობპროდუქტების მოცულობა 279 502 ტონაა, ხოლო 2017 წლის 9-თვიან პერიოდში 261 444 ტონა (იხილეთ სტატისტიკა).
სს ,,საქართველოს რკინიგზა” თანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს დაინტერესებულ პირებს, ტვირთის მოცულობის გათვალისწინებით. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ,,საქართველოს რკინიგზას” და მის შვილობილ კომპანიებს, გაფორმებული აქვთ რამდენიმე საექსპედიტორო ხელშეკრულება მსხვილ თუ წვრილ გადამზიდავ კომპანიებთან, რითაც რკინიგზა სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხების გენერირებას უზრუნველყოფს. შემოსავლებითა და დივიდენდების მეშვეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების პრაქტიკა რადიკალურად განსხვავდება 2006-2012 წლებისაგან, როდესაც ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ახორციელებდა მაშინდელი მაღალჩინოსნების კუთვნილი ერთადერთი მონოპოლიური კომპანია და გადაზიდვებით მიღებული შემოსავლები აღნიშნული კომპანიის კერძო ოფშორულ ანგარიშებზე ილექებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სტუდია ,,მონიტორის“ მიერ მომზადებული ფილმი და ამასთანავე, 2018 წლის 30 ოქტომბერს „ჰაბ ჯორჯიას“ ინიცირებული პრესკონფერენცია ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს სს „საქართველოს რკინიგზის“ დისკრედიტაციას და მისი საერთაშორისო იმიჯისა და სტრატეგიული მნიშვნელობის შესუსტებას”,- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები