ზუგდიდის ყოფილ მერს და ყოფილ ვიცემერს ბრალი წარედგინათ

ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიას და ყოფილ ვიცემერს გია გულორდავას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, გია გულორდავა ბრალს არ აღიარებს და მას ჩვენება სრულყოფილად არ მიუცია.
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი 1 ნოემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცემერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა 16 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები