ლევან ბერძენიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ბოდიში გაიხსენა და გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა აღუთქვა

“რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ბოდიში გაიხსენა და საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.
“მოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს”, – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა და კოალიცია “ქართული ოცნების” პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
“რესპუბლიკური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს. გარდა ამისა, განვიხილეთ ისეთი საკითხები, რომლებშიც საერთო თანხვედრა გვაქვს. ამასთან, ვიმსჯელეთ, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს ის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე. ასევე, საუბარია ძალიან სერიოზულ საკითხზე, როგორიცაა სასამართლოში სერიოზულ ცვლილებებზე. გრიგოლს აქვს მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვემხრობით. მათ შორის, უცხოელი ექსპერტების ჩართულობა ამ საკითხში. აქედან გამომდინარე, “რესპუბლიკური პარტია”, იმ რესურსებით რაც აქვს, მხარს უჭერს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპატია თუ არა მან 2007 წელს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, ჯაშუშობაში ბრალდება, ლევან ბერძენიშვილმა უპასუხა:
“მაშინ, ჩემი საუბარი გამოქვეყნდა რუსეთის საელჩოსთან, სადაც საუბარი მიმდინარეობდა, გაჰყავს თუ არა საქართველო სნგ-დან, ბრალი დამდეს ჯაშუშობაში. მე მაშინ მივმართე გრიგოლს ფეისბუქით. მადლობელი ვარ, რომ მაშინ გაარკვია ეს საკითხი და ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მიხელ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და ბოდიში მომიხადა. მან მითხრა რომ, არ მიაჩნია ეს საქციელი სწორად და მომიხადა ბოდიში, საერთოდ ვინც ბოდიშს მოიხდის უნდა აპატიო. ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყოფილია თუ მოქმედი, სპეციალურად მიხვიდე მასთან და ბოდიში მოუხადო, ამას ვთვლი, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან. ვფიქრობ, რომ მეორე ტური იოლი არ იქნება, პროგნოზი არის ის, რომ ოპოზიციის კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს და გრიგოლ ვაშაძე გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც მაშინდელი მთავრობა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს.
2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისის ცენტრში ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების ფონზე, მაშინდელი ხელისუფლების მიერ “ფარული სატელეფონო ჩანაწერებიც” გავრცელდა, რომელთა მეშვეობითაც, რიგ პოლიტიკოსებს, მათ შორის, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს, მოსკოვთან კავშირს ედავებოდნენ.
მაშინდელმა შსს-მ აუდიოჩანაწერი და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას განაცხადოს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა.
მასალაში წარმოდგენილია ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის და თანასწორობის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ხაინდრავას საუბრები იმ ადამიანებთან, რომლებიც შსს-ს ცნობით, ”რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ოპერატიული მუშაკები იყვნენ”.
”შევადგენ დოკუმენტს პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, ჩვენი პარტიის, ჩვენი ისტორიის და ჩვენი მიზნების შესახებ, რომელსაც გამოგიგზავნით,” – ეუბნება ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა ნათელაშვილია, მეორე ადამიანს, რომელიც შსს-ს ცნობით, არის ვინმე სოკოლოვი, რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელი.
ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილი და მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტის დეპუტატი გახდა და ბერძენიშვილები 2012-2016 წლებში კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრები იყვნენ, “ რესპუბლუკური პარტიიდან”.
2016 წლის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ საქართველოს მერვე მოწვევის დეპუტატამა, ლევან ბერძენიშვილმა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 62 790 ლარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები