პირს, რომელიც დიდი ოდენობით “ბუპრენორფინს” უკანონოდ ინახავდა, 10 წელი მიესაჯა
დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ი.მ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით – 0,01522 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. ასევე მან სხვა პირთან ერთად უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 2,115058 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ბათუმში ამოიღეს.
ი.მ. 2018 წლის 20 თებერვალს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ‘’ბ’’ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ‘’ა პუქნტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა – შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- აცხადებენ პროკურატურაში.