ნათია მეზვრიშვილი: მარიხუანას კულტივაციის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის, მეორე მოსმენით განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
„იურიდიული კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებას. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება იკრძალება მთელ რიგ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე, სხვადასხვა ადგილებში და დაწესებულია შესაბამისი სანქციები. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული ცალკეულ შემთხვევებში და ასევე გათვალისწინებულია მთელი რიგი სამოქალაქო უფლების ჩამორთმევა და ამგვარი უფლებების შეზღუდვა. მიზანი ამ კანონპროექტის გახლავთ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, რომელმაც პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარება დაუშვა, ჩვენ დავაწესეთ შესაბამისი რეგულაციები-შეზღუდვები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სკოლებში, არასრულწლოვნების თანდასწრებით ადამიანებმა მარიხუანა არ მოიხმარონ და თუ მოიხმარენ, დაეკისროთ მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს – აქამდე არ ისჯებოდა სისხლის სამართლის წესით და აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ისევე როგორც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ იქნება დასჯადი.
მეზვრიშვილმა მარიხუანას კულტივაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა რომ ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
“ცალკეულ შემთხვევებში გავამკაცრეთ პასუხისმგებლობა, მაგალითად, როდესაც 21 წლამდე ასაკის პირებზე ვსაუბრობთ და ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე. ცალკეულ შემთხვევებში რეგულაციები საერთოდ არ არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში დაუშვა, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვისთვის, მარიხუანის მოხმარების წახალისებისთვის და გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეგვემუშავებინა ეს კანონპროექტი.
კულტივაციას რაც შეეხება, ძალიან მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით: ამ ეტაპზე, როგორც იცით, ეს კანონპროექტი არ განიხილება. თუ დაიწყებს პარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას, ჩვენ ბუნებრივია” ამ პროცესებში ჩავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.“- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები