ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მოლდოველი კოლეგები ესტუმრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და რეზერვისტთა ასოციაციების ფედერაციის ვიცეპრეზიდენტები და პოლკოვნიკები, ტუდორ სამოილენკო და ალექსანდრუ გორგანი ესტუმრნენ.
როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შესახებ ბევრი რამ უკრაინელი კოლეგებისგან შეიტყვეს, რომელთაც, ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციით, ქართველების გამოცდილებაზე დაყრდნობით, უკრაინაში მსგავსი სტრუქტურის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჩამოაყალიბეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, უწყების დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, სტუმრებს იმ გზის შესახებ ესაუბრა, რაც ამ სამსახურმა ცალკე უწყებად ჩამოყალიბებამდე გაირა. მან ყურადღება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზეც გაამახვილა, რაც მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მაინც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წინაშე დგას. უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ნუგზარ კაიშაურმა კი მათ უწყების საქმიანობისა და სტრუქტურული მოწყობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
“ყოფილი სამხედრო მფრინავი ვარ და 24 წელი ვიმსახურე საქართველოში. როცა დღეს, ქართულ მიწაზე კვლავ დავდგი ფეხი, ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მეორე სამშობლოში ჩამოვედი. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო. იგივე სატკივარი გვაქვს – ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტიც ოკუპირებული აქვს იმავე აგრესორს, რომელმაც საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო წაართვა. მე სწორედ დნესტრისპირეთიდან ვარ. მიხარია, რომ ვეტერანებზე ზრუნვა, საქართველოში სახელმწიფო დონეზეა აყვანილი. ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ თქვენგან, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მსგავსი სამსახური ჩამოყალიბდეს”, – განაცხადა ალექსანდრუ გორგანმა.
რეზერვისტთა ასოციაციების ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, პოლკოვნიკმა უწყების დირექტორს, ვლადიმერ იმნაძეს მიმართა.
“ჩვენი ორგანიზაციისთვის საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამოცდილება განსაკუთრებით ღირებული და ფასეულია. თქვენ დონეს რომ მივაღწიოთ, ამისათვის დიდი გზა გვაქვს გასავლელი. თქვენი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა”, – აღნიშნა ტუდორ სამოილენკომ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მოლდოველი სტუმრები საქართველოში კიდევ 3 დღე დარჩებიან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის წარმომადგენლობების მუშაობას და მათი ურთიერთობის გამოცდილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ადგილზე გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები