აკაკი ზოიძე: ყველაფერს გამოვასწორებთ, “ნაცმოძრაობა” ცხვრის ქურქში გახვეული მგელია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა. როგორც მან აღნიშნა, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო საზოგადოებისთვის დაენახებინა ის გაფორმებული რეფორმები, რომლებიც საზოგადოებას ახლო მომავალში კეთილდღეობას მოუტანს.
მისივე შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ცხვრის ქურქში გახვეული მგელია.
„ეს ნათლად აჩვენა იმანაც, რომ პირველივე ტურში მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. ასე რომ, დემოკრატიის გამარჯვება ნამდვილად არის. მეორე ტურს დაველოდოთ. ხალხისგან მივიღეთ გზავნილი. ის აქტიურობა არ იყო, რომელსაც ველოდით, ის მხარდაჭერა არ იყო, რომელსაც ველოდით. გამოვიტანთ დასკვნებს.
ვერ დავანახეთ ადამიანებს, რომ ჩვენ სწორ ტენდენციებს მივყვებით და ვატარებთ რეფორმებს, რომელიც საზოგადოებას კეთილდღეობას მოუტანს, არა შორეულ მომავალში, არამედ საკმაოდ მოკლე დროში. ასევე, არსებობს ბევრი სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლიანობის აღდგენის საკითხი.
„ამ შემთხვევაში, აღარ არის რუხი ფერები. არის შავი და თეთრი, არის რეჟიმი, რომელმაც რაც არ უნდა საფარველი და მოსასხამი მოიცვას გაერთიანებული ოპოზიციის, მაინც ის რეჟიმია, რომელსაც ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უარი უთხრა. ამისთვის მოქალაქეებს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ თეთრი და არა რუხი ძალა. „ნაციონალურ მოძრაობას” თავისი ამომრჩეველი ჰყავს, მათ ახლაც მოახერხეს თავისი 600 ათასი ადამიანის მობილიზება, პლუს 160 ათასი „ევროპულ საქართველოს” ამომრჩეველი, რომელიც ჩვენზე განაწყენებული ამომრჩეველია ძირითადად. ჩვენი ამოცანაა, ეს ადამიანები დავარწმუნოთ, რომ გადასხვაფერებული „ნაციონალური მოძრაობა” ცხვრის ქურქში გახვეული მგელია, რომელიც ახლა „ჰუმანისტების“ ნაკრები გახდა. ჩვენ გამოვიტანთ დასკვნებს, გავაანალიზებთ და როცა ამ მიზეზებს დავადგენთ, შევეცდებით, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეების დარწმუნებას შევძლებთ”,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები