“გირჩს”, რომელსაც ხმა 36 ათასმა ამომრჩეველომა მისცა, საკომუნიკაციოდ მხოლოდ “ფეისბუქი” აქვს”

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი და პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, გუშინ ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და სოციალურ ქსელში გუშინდელი დღის მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს:
“რამდენიმე რამის თქმა მინდა და ამით დავიწყებ: მადლობა ყველას ვინც ხმა მიეცით გირჩს. 36,000 ადამიანი ხართ ასეთი ამ ქვეყანაში პოლიტიკური მოძრაობისთვის, რომელმაც პირველად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რომელსაც ერთი ოფისი აქვს, რომელსაც მხოლოდ ფბ აქვს საკომუნიკაციოდ, რომელსაც არ ჰქონია არც ერთი ფასიანი სატელევიზიო რეკლამა, რომელსაც არ აქვს საკუთარი ტელევიზია, რომელიც დაპირისპირებულია ძალაუფლების ყველა წერტილთან ამ ქვეყანაში, რომელიც იცავს გამორჩეულად არაპოპულარულ იდეებს, რომელიც ჯორივით დგას პრიციპებზე რომელთა დიდი ნაწილი არათუ არ ესმის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, არამედ, პირიქით, აგრესიას იწვევს, რომელსაც საკუთარი რელიგია აქვს შექმნილი და რომელმაც ამ რელიგიური ორგანიზაციის შემოწირულობის ყუთი გატეხა არჩევნებამდე 4 დღით ადრე რომ ფბ-ზე რამდენიმე ვიდეო დაებუსტა – კარგი შედეგია.
არც ერთ სხვა პარტიას არ ჰყავს თქვენნაირი გულანთებული მხარდამჭერები, არ არსებობს ძალა რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს. არ არსებობს იდეა რომელიც დაამარცხებს თავისუფლების იდეას, დიდი მადლობა გირჩის წევრებს! ის რაც ჩვენს ჯგუფში ხდება არის სრულიად ახალი ფენომენი ქართული პოლიტიკური რეალობისთვის. არ არსებობს ამ ქვეყანაში პარტია რომლის წიაღშიც ამდენი დისკუსია, კამათი, ერთმანეთის ლანძღვა და ერთმანეთის გამხნევება იქნება. ბოდიში რომ ხშირად ვერ ვარ ჯგუფში ისეთი აქტიური როგორიც უნდა ვიყო. თქვენ ხართ გირჩი. ის, რაც თქვენ ბოლო ერთ თვეში, და განსაკუთრებით გუშინ, ფბ-ზე მოაწყვეთ, აქამდე არასოდეს მომხდარა ამ ქვეყანაში. ყველა ბრძოლას მოვიგებთ თუ დარჩებით ისეთივე თავისუფლები როგორიც ახლა ხართ
დიდი მადლობა გირჩელებს, რომლებიც ბოლო ორი თვეა თავდაუზოგავად მუშაობდით არჩევნებისთვის, საქართველოში და ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებული მადლობა გირჩელებს, რომლებიც გუშინ საარჩევნო უბნებზე გაიყინეთ ხმების დათვლის მოლოდინში.მადლობა ყველას ვინც ჩვენთან ერთად იწვალეთ, ინერვიულეთ, გაერთეთ. ეს მხოლოდ გზის დასაწყისია. არ დაიღალოთ. არ გაჩერდეთ. არ დანებდეთ და ყველა ბრძოლას მოვიგებთ”,- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები