მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე სამგორის მოსახლეობას შეხვდა
კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, განსაკუთრებული პრობლემა, რომელიც ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ, სოციალური სიდუხჭირეა. უმეტესი მათგანი დღეს ავარიულ სახლში ცხოვრობს.
“რაც ყველაზე მთავარია, ისინი განიცდიან უყურადღებობას რაიონის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელთაც პირდაპირ ევალებათ მერიის ბიუჯეტიდან მიიღონ შესაბამისი თანხები და ავარიული სახლების რეკონსტრუქცია განახორციელონ. სოციალურ ეკონომიკური უფლებების დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელზეც მე არაერთხელ მისაუბრია. სოციალური პროექტებისკენ ორიენტირებული ბიუჯეტი ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება. პირველ რიგში, ეს ეხება იმ საცხოვრებლებს, რომელშიც ჩვენი თანამოქალაქენი ცხოვრობენ. იცით, რომ 2002 წლის 25 აპრილის შემდგომ განსაკუთრებით გაუარესდა შენობა-ნაგებობების მდგომარეობა? შენობების დაახლოებით 2/3 მოითხოვს რეკონსტრუქციას. ამიტომ, ჩემთვის უმთავრესი იქნება, დავიწყო რევიზია და მოვახდინო თბილისის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენა”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.