როგორ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები საქართველოში – შსს-ს განცხადება

არჩევნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი დაფიქსირდა, რომლებზეც მოხდა მყისიერი რეაგირება.

მისივე თქმით, გადამოწმების შედეგად, 15 ფაქტი არ დადასტურდა, ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.

“რაც შეეხება 7 საქმეს, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ შორის, გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ მარნეულში მომხდარ ინციდენტებტთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა.

“მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს, კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთი წევრი და “ქართული ოცნების” ერთი წევრი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 29 ფაქტიდან დარჩენილ 7 ფაქტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება.

“შეტყობინების ინიციატორთა ნაწილი, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას, არჩევნების მიმდინარე პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად, მათი გამოკითხვა და გარემოებების დაზუსტება მოხდება არჩევნების დასრულებისთანავე”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

“გვსურს, ასევე, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საარჩევნო უბნებზე მოძრაობის შესახებ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში და საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ რადიუსში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს. იძულების ღონისძიება გამოყენებული იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ყველა პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა.

რაც შეეხება, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, პოლიციის მიერ მოხდება თითოეული ინფორმაციის გადამოწმება, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით, ეცნობება საქართველოს პროკურატურას”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები