„გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი“

“იმედი გვაქვს, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, ღია და დემოკრატიული”, – ამის შესახებ თბილისში, საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ.
დილიდან, ისინი რამდენიმე უბანზე იმყოფებოდნენ, მათ შორის, 51-ე საჯარო სკოლაში გახსნილ 42-ე საოლქო უბანზე. მათი თქმით, ისინი კითხვებს უსვამენ კომისიის წევრებს და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას აკვირდებიან.
„ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც ამომრჩეველი აირჩევს პრეზიდენტს. მოხარული ვართ აქ ყოფნით და პროცესზე მონიტორინგის წარმოებით. ჩვენ შევხვდით კომისიის წევრებს და დავუსვით კითხვები. ეს კითხვები ეხებოდა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას, ადგილობრივ დამკვირვებლებს, ასევე, ვიკითხეთ, თუ რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო უკვე მონაწილეობა არჩევნებში.
ჩვენ ვამოწმებთ საარჩევნო სიას და ვაკვირდებით ყუთებს, თუ როგორ არის დალუქული. ეს არჩევნები უნდა იყოს ღია და დემოკრატიული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა მხოლოდ ერთხელ მისცეს კანდიდატს ხმა და არა რამდენჯერმე. საარჩევნო უბანი უნდა იყოს შესაბამისად მოწყობილი შშმ პირებისთვის“, – აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი – მარგარეტა სედერფელტი.
ეუთოს სპეციალური კოორდინატორი – კრისტიან ვიგენინი კი აღნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ უდიდესი ინტერესი არსებობს და მას ყველაზე დიდი მისია აკვირდება, რაც კი ორგანიზაციას საქართველოში ჰყოლია.
„უდიდესი ინტერესია საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ, ჩვენ გამოვაგზავნეთ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისია, რაც კი ოდესმე საქართველოში ყოფილა. ვაკვირდებით არჩევნებს და ქართველ ხალხს ვუცხადებთ სოლიდარობას. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. გვქნება ძალიან ობიექტური შეფასება და ყველას გეპატიჟებით ხვალ ჩვენს პრესკონფერენციაზე“, – განაცხადა კრისტიან ვიგენინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები