საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.
2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.
ბიულეტენები დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).
როგორც ცესკოში აცხადებენ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და პროცესს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია.
ცნობისთვის, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს 25 კანდიდატი იყრის.