სუს-ის უფროსმა აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ატაშესთან, ალექსანდერ ტიგაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
“ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.
აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) ატაშემ ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, სუს-ის უფროსის მოადგილე გელა გელაძე, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ბაჩა მგელაძე და FBI-ის ატაშეს მოადგილე სემუელ ჰენკსი”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.