“როდესაც პარტიები არსებობენ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში კანონს გვერდს უვლიან და კონსტიტუციის ჩარჩოდან გადიან, მათი საქმიანობა ლეგიტიმური არ უნდა იყოს“ – გორდულაძე
“კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ თუ პოლიტიკური პარტია კონსტიტუციას უხეშად არღვევს და მისი მიზნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ მთავარ დებულებებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში, პარტიის საქმიანობა იზღუდება და იკრძალება, ასეთ პარტიას მუშაობა არ შეუძლია ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაშია გაწერილი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის განმარტებით, ეს კონსტიტუციური მექანიზმია, რომელიც არაერთ ქვეყანაში მოქმედებს.
„საკანონმდებლო ვაკუუმი გვქონდა იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას პარტიის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, მაგრამ ზუსტად იმავე შინაარსის, პირების საქმიანობის, არსის გამეორებით, ახალი პარტია შეიქმნებოდა, მაშინ ამ პარტიასთან დაკავშირებით ცალკე საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობა შესაძლებელი არ იყო. ჩვენ ამ ხარვეზს ვასწორებთ. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ რომელიმე პარტიის საქმიანობა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მისი საქმიანობა აიკრძალება, ვინმე არაკეთილსინდისიერი თუ გადაწყვეტს, რომ ასეთი პარტიის საქმიანობა გააგრძელოს, ხელი მოეცარება, რადგან შესაძლებელი აღარ იქნება, რომ საქმიანობა განაგრძონ, საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავის წარმოება იქნება შესაძლებელი. არავითარ დევნაზე არ არის საუბარი. ეს კონსტიტუციური მექანიზმია, რომელიც არაერთ ქვეყანაში მოქმედებს.
როდესაც სხვა ქვეყანაში არანაირი საუბარი არ არის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დევნაა, ზუსტად ანალოგიურად, როდესაც კონსტიტუციის ჩარჩოს გარეთ რომელიმე პარტია რომ მოქმედებს, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება ვერანაირ დევნად ან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ჩვენს ქვეყანაში. ყველა პარტიამ უნდა გაიაზროს, რომ მისი საქმიანობა ხალხიდან გამომდინარე უნდა იყოს. როდესაც ჩვენს ქვეყანაში პარტიები არსებობენ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში კანონს გვერდს უვლიან და კონსტიტუციის ჩარჩოდან გადიან, რა თქმა უნდა, მათი საქმიანობა ლეგიტიმური არ უნდა იყოს“, – განაცხადა გორდულაძემ.