ბრალდებულს, რომელმაც საკუთარი ძმა მოკლა, 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ო.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 18 აპრილს, ქალაქ კასპში, ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ო.მ.-ს მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში შელაპარაკება მოუხდა ძმასთან – გ.მ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მას დანით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობის შედეგად გ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ო.მ. 2018 წლის 19 აპრილს ქ. კასპში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ო.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები