ბიძინა ივანიშვილი: სჯობს, მედიამ მოიტყუოს ასჯერ და ათასჯერ, ვიდრე დავიწყოთ მისი რეგლამენტირება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლის ფრონტის ხაზი დღეს მედიაზე არ გადის.
ივანიშვილის თქმით, მედია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია და როგორიც არ უნდა იყოს ის, ვერავინ შეეწინააღმდეგება. ივანიშვილის განმარტებით, თავისუფალი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია და რაგლამენტების შემოღება მიუღებელია.
„არცერთ შემთხვევაში მედიაზე არ გადის და მედია ვერც იქნება ერთადერთი და წამყვანი, მაგრამ ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ მედია, ისევე როგორც, ძალიან ბევრ ინსტიტუტებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ასევე, მედია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. პირველ რიგში, რაც უნდა მივიღოთ, რახან შემეკითხეთ, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, როგორი მედიაც არ უნდა იყოს, “რუსთავი 2” კვადრატშიც რომ ავიღოთ, არაფერი არ არის იმის ფასი, რომ ამას შეეწინააღმდეგო, ოღონდ სიტყვის თავისუფლება და მთელს მსოფლიოშია ეს დამოკიდებულება, ნახეთ სოციალური ქსელები, გაცილებით უფრო რთულია კიდევ ვიდრე ტელევიზიები, რა ხდება სოციალურ ქსელებში, რამდენი შეურაცხყოფაა, რამდენი დაუმსახურებელი გინება, მუქარა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვა, რომ აქ რეგლამენტაციების შემოღება ჩემი აზრით, მიუღებელი და დაუშვებელია და ამაზე მცდელობაც არ უნდა გვქონდეს. სჯობს მოიტყუოს ასჯერ და ათასჯერ, ვიდრე დავიწყოთ მისი რეგლამენტირება. იცრუოს, რაც უნდა ის ქნას, კანონს თუ არღვევს პასუხი უნდა მოთხოვო, მაგრამ არანაირი რეგლამენტაცია არ უნდა იყოს მედიასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ივანიშვილი “ტვ პირველის”, “იმედისა” და „რუსთავი2″-ის წარმომადგენლებსაც შეხვდა.